|
2011 წელი ნოემბერი . . . კომპანია "Sony" საქართველოში მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. თბილისში ვიზიტით მყოფ "Sony"-ის პრეზიდენტს შოჯი ნემოტოსა და კომპანიის წარმომადგენლებს დღეს თბილისის მერი გიგი უგულავა შეხვდა.
შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
როგორც თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, "Sony"-ს წარმომადგენლების დაინტერესება საქართველოთი ძალიან მნიშვნელოვანია.
"Sony" ისეთი კორპორაციაა, რომელსაც მსოფლიოს არც ერთ წერტილში წარდგენა არ სჭირდება, მას იცნობს ყველა. აქედან გამომდინარე, მისი წარმომადგენლების დაინტერესება საქართველოთი ძალიან მნიშვნელოვანია. აქ არის საუბარი პროექტზე, რომლის მომხმარებლებიც იქნებიან, პირველ რიგში, ტელევიზიები და კინოსტუდიები. იგეგემება სასწავლო ცენტრის გაკეთება, სადაც იქნება სასწავლო კურსები ყველა დაინტერესებული პირისთვის, კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ეს უფრო მაღალ ხარისხში გადაიყვანს ტელეინდუსტრიას. ასეთი სასწავლო ცენტრის გაკეთება ძალიან საინტერესო წინადადებაა პროფესიონალების ახალი ტალღისათვის. ასევე დამატებითი სამუშაო ადგილების შესაქმნელად. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ პროექტს დავძრავთ, ისევე, რიოგორც ბევრ სხვა მნიშვნელოვან პროექტს, რომლებსაც ახორციელებს Sony, რადგან Sony-ის აქვს დაწყებული კულტურული ღონისძიებების უამრავი მიმართულება. ეს არის მთელი სპექტრი, რომელშიც ეს კომპანიაა ჩართული. ამჟამად ყველაზე კონკრეტული და ხელშესახები პროექტი, დარწმუნებული ვარ, საინტერესო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის." - განაცხადა უგულავამ.
კომპანიის წარმომადგენლებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გიორგი ჭანტურიაც შეხვდა. "სონი" საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი ტელე-რადიო ცენტრის ტექნიკით აღჭურვასა და პროექტირებაში და ქუთაისში საპარლამენტო ოფისის შექმნაში დაეხმარება. |
|